ჩუმად ხარ, იკარგები…

– კიდევ დიდ ხანს აპირებ მანდ ჯდომას და ჩემი ფსიქოპორტრეტის ხატვას?

– მოიცა, ჩუუ! ქალაქის ხმა გესმის? წვიმის წვეთების წკაპუნი, შორიდან ძაღლების ყეფა, მეზობელი საინფორმაციოს უსმენს, ზედა სართულზე ბავშვი ლახტით ხტუნაობს. – დუმპ, დუმპ, დუმპ… ასე რიტმულად გრძელდება დღეში რამდენჯერმე. არა, არ წუხდები. ზიხარ და ითვლი ყველა დახტომას. ერთი, ორი, სამი, ოთხი… და ითიშები, არაფერზე ფიქრის ხელოვნებაში იძირები. საკმარისია ხმა შეწყდეს, რომ კომფორტის ზონიდან გამოდიხარ. მერე მთელი დღე ის რიტმი ჩაგესმის ყურებში, რაღაც მელოდიებს არგებ და მაგარი რეივი გუგუნებს შენს დაულაგებელ თავში.

გინდა, რაღაც მიჯღაბნო, უხეში ხაზების ჯოკონდამ იყვიროს, იცინოს, იტიროს… მაგრამ ვერ ერევი, ქრება ყველა მატერია, პირდაპირ შენს თვალწინ იწვის. იწვის 4510 ფარენჰაიტით და ისევ გრძელდება რეივი – დუმპ, დუმპ, დუმპ… გადიხარ მომსახურების ზონიდან.

– უბრალოდ გაჩუმდი, კარგი?!

– კარგი, ჩუმად ვარ…. შენც ჩუმად ხარ. ჩუმად ხარ, როგორც ყოველთვის. განსხვავება ჩემსა და შენს შორის იცი რა არის? შენ სულ ჩუმად ხარ, იკარგები, შენ თვითონაც კი გავიწყდება შენივე არსებობა. იკარგები დროსა და სივრცეში, სადაც ქაოტური, ხმაურიანი ქუჩიდან შემოსული ადამიანები თბილ სახლებში მოდუნებით და სიჩუმთ კაიფობენ. კარგი, გავჩუმდები. ერთად გავჩუმდეთ, ვისხდეთ ჩუმად და ვერც კი მივხვდეთ, რამდენად მაგარია სიჩუმე ხმაურთან შედარებით.

ნამდვილობა გაქრა

გაქრა… ქარმა უმოწყალოდ დაუბერა და შორს წაიღო ნამდვილობა. ძალიან შორს, ატმოსფეროს გააცილა და დედამიწიდან მოაშორა. არადა პატარა რომ ვიყავი დიდ, პლანეტებიან წიგნში წავიკითხე-ატმოსფერო დედამიწას გარს აკრავსო. ამ ლოგიკით ქარი ატმოსფეროს იქით, კოსმოსში ვერაფერს გადაისვრიდა. მაგრამ ფაქტია, დედამიწაზე ნამდვილობა არ არის! უცნაურია, ხომ? აბა სად გაქრა? ან რატომ წავიდა და სიცივე რატომ დატოვა ამ ქვეყნად?! ისე, შეიძლება, არც არასდროს ყოფილა და ყველაფერი ის, რაც გვსმენია ნამდვილ და გულწრფელ ემოციებზე მითია. ძველი ბერძნული მითი… ან – რომაული, ან, თუნდაც, – ეგვიპტური… სულაც- დედამიწური. დედამიწური მითი… სინამდვილეში ყველაფერი, რაც ბუნებრივი, უბრალო და ნამდვილი ჩანს ყალბია. ძველ, შელახულ ყუთში მოთავსებული, თუმცა ლამაზი, ყვითელკოპლებიანი ქაღალდით შეფუთული სიყალბე!

გიფიქრიათ, ვინ ან რა შეიძლება იყოს დამნაშავე ამ ყველაფერში? აი, მე მიფიქრია… თანაც ძალიან ბევრი. თუმცა ალბათ კიდევ უფრო ბევრი ფიქრი დამჭირდება საბოლოო პასუხამდე მისასვლელად. ერთი კი ვიცი- სიყალბისკენ სწრაფვას ბავშვობიდან გვაწყებინებენ. თუ ასე არაა, რატომ უნდა გაგვეღიმა ფოტოს გადაღებისას, როცა კოპებშეკრული ვცდილობდით საყვარელი თოჯინის დაკარგული ხელის პოვნას სათამაშოების ყუთში? ანდაც რატომ უნდა გვეთქვა უშველებელი ლექსი გამოთქმითა და დაყენებული მიმიკებით? ხომ შეიძლებოდა, კოპებშეკრული ვყოფილიყავით იმ ფოტოში და წლების მერე გულიანად გვეცინა ცალხელა თოჯინაზე?! და უშველებელი ლექსიც ისეთი ემოციით გვეთქვა როგორც გვესმოდა, ბავშვურად და გულუბრყვილოდ?!

აი, სად ქრება ნამდვილობა. აი, სად ამზადებენ პროტოკოლის სტანდარტულ ჩარჩოებს… დროსა და სივრცეში, სადაც ადამიანს შეუძლია, ყველაზე გულწრფელი და ლაღი იყოს- ბავშვობაში. ჩვენ, ჩვენს მშობლებს, მათ მშობლებს და კიდევ მათ მშობლებს გაუცნობიერებლად გვაქვს დაკარგული გულწრფელობა. უკეთეს შემთხვევაში რაღაც მომენტში მაინც კარგავს ვინმე ნამდვილ ,,მეს” სულ ცოტა ხნით.

ახლა დილის ოთხი საათია. სულ ცოტა ხანში გათენდება, ავდგები და მაკიაჟის კეთებას შევუდგები სახლიდან გასვლის წინ. იცით რატომ? ნამდვილი ,,მე” რომ არავინ დაინახოს და ყალბი, თუმცა ,,უკეთესი” გოგონა გავიდეს ქუჩაში. ,,უკეთესი” გოგონა, რომელსაც საღამომდე სახეზე ფენა-ფენა დადებული მასა შეაწუხებს და თითოეულ ნერვს გაუწვრილებს. მერე შემხვედრის აშკარად ყალბ სალამს მიიღებს და გაიფიქრებს: გაქრა… ქარმა უმოწყალოდ დაუბერა და შორს წაიღო ნამდვილობა. ძალიან შორს, ატმოსფეროს გააცილა და დედამიწას მოაშორა. ისე, შესაძლოა არც არასდროს ყოფილა და ყველაფერი, რაც კი გულწრფელობაზე გვსმენია, მითია, დედამიწური მითი…

სიურეალისტი მცენარე

ოცნება გულისა და ტვინის უჯრედებს შორის დაუღალავი ობობას ქსელივით გაიბმება და ისე მოედება მთელს ჩემს ორგანიზმს, როგორც პარაზიტი მცენარე-ამპარტავან, მზის სხივებისკენ მიმავალ ტროპიკულ ხეს. ვგრძნობ, თითქოს მცენარეს ფილტვებში კომფორტული ბუდე მოუწყია, როგორც იქნა უპოვნია ჟანგბადით მდიდარი სამყარო და დახარბებია გრილ, ნაზ და იდუმალ მოლეკულებს, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაიზარდოს, ჩემი სხეულის თითოეულ უჯრედამდე მიაღწიოს, გამბეროს და ფრენა დამაწყებინოს. მე კი, ამ დროს, ვხვდები, რომ ჰაერი მაკლია და ღრმად სუნთქვას ვიწყებ, სწრაფად ვუშვებ ჰაერს ფილტვებში, რათა ბუდეში მოკალათებული პარაზიტი ოცნება უჰაერობით არ მოდუნდეს, არ დაიფუშოს და ციდან არ ჩამომაგდოს. რატომ ვცდილობ ასე ძალიან ცაში ყოფნას ჯერ კიდევ ვერ ვხვდები. არა და არც ისე ადვილია სწრაფად, გამალებით ისუნთქო და გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩე. ხშირად ჩემი პარაზიტი დისკომფორტს მიქმნის. ვგრძნობ, თითქოს საკვები აკლია, გულს აყაჩაღებს, ჟანგბადის გამოძალვა უნდა. ზედმეტად მგრძნობიარე, მთრთოლვარე და დაუმორჩილებელი გული კი ფეთქდება და ისე სცემს ბოლთას მკერდის მარცხენა მხარეს, რომ ოთახში ყველას ესმის და უხერხული, უამრავკითხვადაბადებული თვალებით მიწყებენ ყურებას. მე კი მგონია, რომ იმ კარუსელზე ვზივარ, დედამ რომ არ გამიშვა ბავშვობაში, მერე კი ჩუმად მაინც დავჯექი და პირველი, სუნთქვისშემკვრელი სიმსუბუქე ვიგრძენი. უცბად გონს მოვდივარ, ვაანალიზებ, რომ პარაზიტი მცენარე ზედმეტად მაჰიპნოზებს. ვუბრაზდები ოცნებას, ჩვეულ, დინჯ და მშვიდ სუნთქვას ვიწყებ, მცენარეს ვსულავ და მიწაზე ჩამოვდივარ. ვაგრძელებ გარშემომყოფებთან ერთად სიცილს, საუბარს, წამიერ, უხერხულ დუმილს, ყალბი ემოციების ყურებას და ვხვდები, რომ უნდა ვისუნთქო, ბევრი, ძალიან ბევრი მოლეკულა უნდა ჩავისუნთქო, ჩემგან გულნატკენი, ტირილში ჩაძინებული ოცნება გავაღვიძო, ბალიშთან საჩუქრად ღია ფერის ყუთში შეფუთული ჟანგბადი დავახვედრო და გულწრფელად გავუღიმო.  მან კი საჩუქრის გახსნა დაიწყოს და სიხარულის ხრუსტალები გადმოყაროს თვალებიდან, ცრემლის წვეთები პარაზიტი მცენარის ფესვებს დაეცეს , გამოკვებოს, გააძლიეროს და აიძულოს,ისევ მოედოს ჩემი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულს. მე კი გავიბერო, შევმსუბუქდე, მოურიდებლად ავიწიო ჰაერში და თვალებდახუჭულმა სურვილი ჩავიფიქრო, რომ ერთ დღესაც დედამიწიდან აფრენის გარეშეც შემისისხლხორცდეს თბილი, მგრძნობიარე, ამოუცნობი და ხელშეუხებელი პარაზიტი, რომელიც სიურეალიზმისგან მიხსნის.

თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი დღე

    თითქოს ერთი ჩვეულებრივი დილაა… მაღვიძარა, როგორც ყოველთვის, შვიდის ნახევარზე რეკავს და საშინელი კოშმარიდან გამოყავხარ. წესით უკიდურესად უმადური უნდა იყო ამ ცხოვრების, ათასი მოვალეობა რომ გაქვს შესასრულებელი და შინაგანი მე თბილ საწოლში წოლას არ გაცდის, მაგრამ დღეს რაღაც ისე არ არის.  სიხარულით იღებ მობილურს ხელში და ისე რთავ მაღვიძარას, ხუთი  წუთითც კი აღარ წევ დროს. და რატომ?… გიხარია, რომ თურმე კოშმარს ხედავდი და რეალურად ერთი თითქოსდა ჩვეულებრივი დილა გათენებულა. ღრმად სუნთქავ და ღიმილნარევი სახით იხედები ფანჯარაში… ჰმ, რა სულელი ხარ! როგორ დაუშვი, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა რეალობა ყოფილიყო! კარგი რა, გონს მოეგე! განა ასეთი სასტიკია სამყარო?! ის მაინც არ გაგიგია ცხოვრება მშვენიერიაო?! – თავს იმშვიდებ რაღაც უაზრო გამონათქვამებით. თითქოს ვერ ხვდები, რომ ცხოვრების მშვენიერება თუ სიმახინჯე მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, მარტო ხარ, მარტო ხართ შენ და შენი ეგო, მხოლოდ და მხოლოდ შენი ვალია შენივე ცხოვრების სცენარის დაწერა, რეჟისორიც შენ ხარ და მთვარი გმირიც. იმასაც ხვდები, რომ ახლა, როცა გამოფხიზლდები და შენი მყუდრო სახლის დასატოვებლად გამოეწყობი, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ეს თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი დღე შენი ფსიქიკის დანგრევას ეცდება, ბევრ დეტალს დაგანახებს, რომელზე ფიქრიც ისევ გაგათენებინებს ღამეს და გამთენიისას ღრმა ფიქრებში ჩაძინებული ისევ უმადური იქნები სამყაროს მიმართ, ძილის საშუალებას რომ არ გაძლევს და შვიდის ნახევარზე ისევ ახალ, ერთ ჩვეულებრივ დღესთნ ბრძოლას გაწყებინებს. გონს ეგები. ფანჯარაში გაშტერებული შეშინებული წამოხტები საწოლიდან. ოჰ, მართლა რა ზარმაცი და სულელი ხარ,ისევ გაგვიანდება, უკვე რვის ოთხი წუთია. აქედან კი იწყება თითქოსდა ჩვეულებრივი დღისთვის დამახასიათებელი შფოთვა, პასუხისმგებლობის სიმწარე, დაგვიანების შიში და არაამქვეყნიური სიჩქარე. გარბიხარ სადარბაზოდან. წესით მარტო იმაზე უნდა ფიქრობდე, რომ სემინარზე გაგვიანდება და თან ზღვა მასალა გაქვს გასამეორებელი, თუმცა  მოღუშული და ატირებული ქალაქი ძალაუნებურედ იქცევს ყურადღებას. ეს ხომ შენი საყვარელი ამინდია. წვიმიან დღეს თითქოს თანადგომას გიცხადებს ბუნება. შენც გიხარია. ხვდები, რომ შენნაირი სასოწარკვეთილი და მელანქოლიის თყვანისმცემელი სხვაც არის ამ სამყაროში. ან იქნებ თვითონ სამყაროა ასეთი წვიმიან ამინდში? ვინ იცის… ისიც კარგად იცი, რომ სასოწარკვეთისა და მელანქოლიის რეალური მიზეზი არ გაქვს. რომ გკითხონ ბედნიერი ხარ და თუ იღიმი ესე იგი ნამდვილად გეღიმება და პანიკური სიცილიც არ იცი რა არის. ბედნიერი ხარ და ამიტომაც იცინი. ნეტავ ეს ყველაფერი მართლაც ასე მარტივად იყოს შენს მუდმივად ქაოსურ თავში. ნეტავ მართლა ასე მსუბუქად აზროვნებდე და თითქოსდა ერთი  ჩვეულებრივი დღის თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებს არ უღრმავდებოდე… გამოფხიზლდი! ჩამოფრინდი და იჩქარე! მეტროში თუ არ ჩაირბენ მატარებელი გაგასწრებს და ჩვეული შფოთვისა და ქაოსის უფრო მაღალ ხარისხს მიიღებ შედეგად. შედიხარ მატარებელში, რა თქმა უნდა არ ჯდები სკამზე და კართან კონსპექტით ხელში იტუზები. გასამეორებელი გაქვს. წაიკითხავ ერთ წინადადებას და თვალები მგზავრებისკენ გაგირბის. შორიდან აკვირდები ადამიანების ქცევებს და იჩემებ ერთ მოხუც კაცს მძიმე ჩანთით ხელში. აკვირდები. აკვირდები თითოეულ მის მიმიკას, ღრმა, მრავალტანჯვაგამოვლილი თვალების მოძრაობას და ცდილობ სულში ჩუძვრე. შენით თხზავ მოხუცი კაცის ცხოვრებას სევდიანი ეპიზოდებით. იმ კაცის, მტირალა ამინდიდან რომ ჩამოვიდა მეტროში და მიწისქვეშ დაემალა რეალობას. რა უხერხულია… ზედმეტად შეავიწროვე, პირად სივრცეში შეიჭერი, კიდევ კარგი, ვერ ხვდება რომ სამი გაჩერებაა მასზე თხზავ შენებურ ისტორიას. და აი საფიქრალი და ტანჯვის მიზეზიც მოგეცა სრულიად არაფრისგან- ერთი ჩვეულებრივი მოხუცისგან, რომელიც გინდა, რომ არაჩვეულებრივად და იდუმალებით მოცულად აღიქვა ამ თითქოსდა ერთ ჩვეულებრივ დღეს. ისევ ჩქარობ… ფიქრებში გართულმა სასემინარო მასალაც არ გაიმეორე, თუმცა არა უშავს, გუშინ ხომ წაიკითხე, იქაც იზამ რამეს… მირბიხარ, მაგრამ მიუხედავად შფოთვისა და სიჩქარისა ადამიანებზე დაკვირვების დროს მაინც იტოვებ. ჰოდა ძილის წინ საფიქრალიც დაგიგროვდა. რამდენ დატანჯულ, სევდიან და კიდევ ათასი რამის მთქმელ თვალებს ხედავ როგორც ყოველთვის. ფიქრობ, რა უსამართოლოა სამყარო. როგორ გინდა, ბედნიერი სახეების ყურება ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იყოს. მაგრამ არა… როგორ ექნება ბედნიერი სახე ყვავილების გამყიდველ ქალბატონს, რომელიც წესით ახლა თავის შვილებს გემრიელ საუზმეს უნდა უმზადებდეს?! როგორ ექნება ბედნიერი სახე გაყინულ ჯიხურში მჯდარ გაზეთების გამყიდველს, რომელიც, შენგან განსხვავებით, ვერ იტანს წვიმიან ამინდს?! როგორ შემოგხედავს ბედნიერი თვალებით მეეზოვე, რომელიც დილის ხუთი საათიდან შემოდგომის უღიმღამო ფოთლებს აგროვებს და ამ დროს ვიღაც გამწარებული, უინტელექტო ახალგაზრდა ნერვულად დაუგდებს ნახევრად ჩამწვარ სიგარეტის ღერს ფეხებთნ.?! და ამ ყველაფრის მაყურებელ გოგონას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცხოვრების სცენარის დაწერა შეუძლია და ამასაც ვერ ახერხებს, რომელსაც ვითომდა ერთ ჩვეულებრივ დღეს მხოლოდ წვიმა ახარებს, როგორ ექნება ბედნიერი სახე, როცა იმის მიუხედავად რომ საკუთრ სცენარს მიხედოს და უბრალოდ შფოთვის გარეშე იცხოვროს, სხვა ადამიანების ისტორიებს რეჟსორობს?! დაუჩქარე! ათ წუთში სემინარი იწყება. ცოტა ხნით გონებას დღის დაგეგმის რეჟიმზე რთავ და წვიმაში ჩძინებულ ფერად-ფერად ფოთლებზე სწრაფად მიაბიჯებ უნივერსიტეტისკენ. პირი გიშრება. მიდიხარ ჯიხურთნ- დილა მშვიდობისა. ერთი წყალი, თუ შეიძლება. საწვიმრის ჯიბეში ხურდას აჩხრიალებ და გამყიდველს აწვდი. -აიღე შვილო, ამინდის პროგნოზი ხომ არ გინახავს? რაღაც მზის თვალი ჩანს… მხრებს იჩეჩავ, წყლის ბოთლს იღებ და ღიმილით ეუბნები-იმედია მალე გამოიდარებს. არა და მზე არ გიყვარს, მით უმეტეს -შემოდგომობით, მაგრამ აიმედებ და გულს უთბობ გამყიდველ ქალბატონს, რომელიც სიცივისგან ხელებს ისრესს და ცხელი ჩაის ჭიქას იმარჯვებს. -აბა ბედნიერი და მზიანი დღე, ჩემო გოგო! მიდიხარ… ბაგეები ნელ-ნელა გეხსნება, ღიმილი გეპარება… რა თავაზიანი და თბილი ქალბატონი იყო. ერთი წყალი იყიდე და ბედნიერი და მზიანი დღის სურვილთნ ერთად წამოიღე. არ გეჩვენება, უცხო ადამიანმა გაგიღმა, მეტიც, სითბო ჩაგიდო გულში და ისე გამოგიშვა. დღეს რაღაც უცნაურობა ხდება. არა და თითქოს ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა მაღვიძარამ რომ დაგატოვებინა საშინელი კოშმარი. თითქმის მიხვედი უნივერსიტეტის კართნ, მზის თვალი კიდევ უფრო გაიზარდა და წვიმამ გადაიღო. კიდევ უფრო გულწრფელად იღმი. ფიქრობ, რა ბედნიერია ის ქალი გამოდარებით. ჰო, მზე არ გიყვარს, განსაკუთრებით- შემოდგომობით, მაგრამ გიხარია, უზომოდ ბედნიერი ხარ და ფიქრობ, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება შენს თვს. არა და თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი დღე გაგითნდა დილით, შვიდის ნახევარზე…

Design a site like this with WordPress.com
Get started