ჩუმად ხარ, იკარგები…

– კიდევ დიდ ხანს აპირებ მანდ ჯდომას და ჩემი ფსიქოპორტრეტის ხატვას?

– მოიცა, ჩუუ! ქალაქის ხმა გესმის? წვიმის წვეთების წკაპუნი, შორიდან ძაღლების ყეფა, მეზობელი საინფორმაციოს უსმენს, ზედა სართულზე ბავშვი ლახტით ხტუნაობს. – დუმპ, დუმპ, დუმპ… ასე რიტმულად გრძელდება დღეში რამდენჯერმე. არა, არ წუხდები. ზიხარ და ითვლი ყველა დახტომას. ერთი, ორი, სამი, ოთხი… და ითიშები, არაფერზე ფიქრის ხელოვნებაში იძირები. საკმარისია ხმა შეწყდეს, რომ კომფორტის ზონიდან გამოდიხარ. მერე მთელი დღე ის რიტმი ჩაგესმის ყურებში, რაღაც მელოდიებს არგებ და მაგარი რეივი გუგუნებს შენს დაულაგებელ თავში.

გინდა, რაღაც მიჯღაბნო, უხეში ხაზების ჯოკონდამ იყვიროს, იცინოს, იტიროს… მაგრამ ვერ ერევი, ქრება ყველა მატერია, პირდაპირ შენს თვალწინ იწვის. იწვის 4510 ფარენჰაიტით და ისევ გრძელდება რეივი – დუმპ, დუმპ, დუმპ… გადიხარ მომსახურების ზონიდან.

– უბრალოდ გაჩუმდი, კარგი?!

– კარგი, ჩუმად ვარ…. შენც ჩუმად ხარ. ჩუმად ხარ, როგორც ყოველთვის. განსხვავება ჩემსა და შენს შორის იცი რა არის? შენ სულ ჩუმად ხარ, იკარგები, შენ თვითონაც კი გავიწყდება შენივე არსებობა. იკარგები დროსა და სივრცეში, სადაც ქაოტური, ხმაურიანი ქუჩიდან შემოსული ადამიანები თბილ სახლებში მოდუნებით და სიჩუმთ კაიფობენ. კარგი, გავჩუმდები. ერთად გავჩუმდეთ, ვისხდეთ ჩუმად და ვერც კი მივხვდეთ, რამდენად მაგარია სიჩუმე ხმაურთან შედარებით.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started